საქართველოს საბანკო ასოციაცია
საქართველოს საბანკო ასოციაცია
ჩვენს შესახებ

საქართველოს საბანკო ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც აერთიანებს საქართელოში მოქმედ საბანკო და საფინანსო-საკრედიტო საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს საბანკო სფეროსთან და გამოხატავს საქართველოს საბანკო საზოგადოების ინტერესებს.
საქართველოს საბანკო ასოციაცია დაფუძნებულია 2018 წლის 20 აგვისტოს და დღეისთვის აერთიანებს 14 საბანკო დაწესებულებას. ასოციაცია თანამშრომლობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ასოციაციებთან და კავშირებთან. 

საქართველოს საბანკო ასოციაციის მიზნები და ამოცანები :

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების უფლებებისა და ინტერესების დაცვა სახელმწიფო ორგანოებთან, საჯარო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და სხვა ნებისმიერ პირთან.


საბანკო საქმიანობის გრძელვადიანი განვითარებისა და ქართული საბანკო სისტემის საერთაშორისო საბანკო ურთიერთობებში ინტეგრირების ხელშეწყობა; საბანკო გამოცდილების შესწავლა, ბანკებისთვის დახმარების გაწევა და ხელის შეწყობა, მათი რესურსების გაერთიანების კოორდინაცია მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელების მიზნით.


საქართველოს კომერციული ბანკების თანამშრომლობის განვითარება არარეზიდენტ საბანკო საფინანსო ცენტრებთან.
საზოგადოების ინფორმირება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ და დადებითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება საბანკო სისტემასთან დაკავშირებით.


თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და სხვა ქვეყნების საბანკო ასოციაციებთან.
საბანკო ასოციაციის დაფუძნებით, საბანკო სექტორის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ უფრო დინამიური გამხდარიყო საბანკო სექტორის დიალოგი საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ქვეყნის მთავრობასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. 

ასოციაციის მიზანია, გაერთიანებული ძალისხმევით მოხდეს საკანონმდებლო, ნორმატიული, საცნობარო, სარეკომენდაციო და სამოქმედო გეგმების შეთანხმება, კონსულტაციების გააქტიურება.

საბანკო ასოციაციის მიზანია საბანკო სექტორის ინტერესების წარმოჩენა და აქტიური დაცვა დასაქმების, გადამზადების, სწავლების და სოციალური პასუხისმგებლობის ხაზგასმის გზით.


დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, საბანკო ასოციაცია გეგმავს საბანკო საგანმანათლებლო და ერთიანი საბანკო სტანდარტიზაციის მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმას. დგამს ქმედით ნაბიჯებს სახელმწიფო ორგანიზაციების მრჩევლის და კონსულტანტი ორგანიზაციის იმიჯის დამკვიდრებისა და განმტკიცების მიმართულებით.

ასოციაცია დაკავებულია საკრედიტო დაწესებულებების ლობირებით მესამე პირებთან მიმართებაში. მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნის პროცესში მყოფ ლობისტთა ერთიან რეესტრში გასაწევრიანებლად.


ასოციაცია ეწევა ფართო კანონშემოქმედებით საქმიანობას, რაც გამოიხატება დამუშავების პროცესში მყოფ კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებებისა და შესწორებების შეტანაში. მათი დახვეწის მიზნით, ახდენს წევრი ბანკების რესურსების მობილიზაციას.

ასევე მუშაობს უკვე დამტკიცებულ ნორმატიულ დოკუმენტებში შესწორებების და დამატებების შეტანის მიმართულებით,  რასაც შემდგომ დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, მთავრობას, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ხელისუფლების სხვა მმართველ ორგანოებს.

ასოციაცია თავის წევრებს უწევს საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურებას, არის კონფერენციების, სემინარებისა და სიმპოზიუმების როგორც ორგანიზატორი, ასევე მონაწილეც. ერთვება და ახორციელებს რამდენიმე პროექტს ქვეყნის საბანკო სისტემის გასავითარებლად და მხარდასაჭერად.

ასოციაცია გეგმავს https://www.ebf.eu/about-us/ ევროპის საბანკო ფედერაციაში გაწევრიანებას, რომელიც ევროპის 3 ათას წევრ ბანკამდე აერთიანებს. ასევე იგეგმება http://www.ibfed.org.uk/ საერთაშორისო საბანკო ფედერაციის ასოცირებული წევრობა, რომლის წევრებიც არიან აშშ-ს, დასავლეთ ევროპის, ავსტრალიის, კანადის, იაპონიის, ჩინეთის, ინდოეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და სამხრეთ კორეის წამყვანი საბანკო დაწესებულებები.

2018 წლის ოქტომბერში ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს ალექსანდრე ძნელაძე.  

 

ასოციაციაში გაწევრიანების წესი:

საქართველოს საბანკო ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეწევა საბანკო საქმიანობას, ფლობს შესაბამის ლიცენზიას და იზიარებს ასოციაციის ფასეულობებს და მიზნებს.


საქართველოს საბანკო ასოციაციაში გაწევრიანების საკითხზე უნდა მიმართოთ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს და წევრის მიღებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ასოციაციის საერთო კრებამ.


გუნდი:

ალექსანდრე ძნელაძე - ასოციაციის პრეზიდენტი

ალექსანდრე ძნელაძეს 20 წლის საბანკო გამოცდილება აქვს.

ასოციაციის პრეზიდენტად არჩევამდე, ალექსანდრე ძნელაძე, 4 წლის განმავლობაში უძღვებოდა ს/ს „სილქროუდ ბანკს“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე (2015 – 2019 წწ).

ამავე ბანკში, სხვადასხვა დროს, მას ეკავა საკრედიტო და საინვესტიციო პროექტების მენეჯერის (2006-2007), კორპორატიული ბიზნეს დეპარტამენტის ხელმძღვანელის (2007-2010წწ) და ბანკის კომერციული დირექტორის (2010-2015წწ) პოზიცია. 

ალექსანდრე ძნელაძე მანამდე მუშაობდა ს/ს „საქართველოს ბანკში“ და ს/ს „ინტელექტბანკში“ მიკროსაკრედიტო მენეჯერის, კორპორატიული საკრედიტო მენეჯერის, საკრედიტო განყოფილების უფროსის და საკრედიტო და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ალექსანდრე ძნელაძეს აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხის დიპლომი საბანკო და საფინანსო მიმართულებით. ფლობს  თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომს.

გავლილი აქვს USAID-ის  დაფინანსებული SME მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში საბანკო-საფინანსო აკადემიის ტრენერთა ტრენერის სასწავლო კურსი. 
საქართველოს საბანკო ასოციაცია, მისი პრეზიდენტის სახით, აქტიურად არის ჩართული ბოლო პერიოდის საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების დამუშავებაში, შესწორებებში, შეჯერებასა და დამტკიცებაში.

შესაძლებელია დასახელდეს: 

საბანკო ასოციაციის ფარგლებში, საბანკო სექტორის წარმომადგენელთა აქტიური მხარდაჭერის გარდა, ორგანიზაცია ეფუძნება 2 მუდმივმოქმედ დირექტორს, რომლებიც აქტიურ მხარდაჭერას გაუწევენ  ალექსანდრე ძნელაძეს ინვესტორთა საბჭოს წევრის მოვალეობის შესრულებისას.

გიორგი ბაგრატიონი - აღმასრულებელი დირექტორი

საბანკო ასოციაციაში მოღვაწეობს 2006 წლიდან. გიორგი ბაგრატიონი სხვადასხვა დროს იყო პროექტების მენეჯერი (2006-2012), ასოციაციის გენერალური მდივანი (2012-2018), ხოლო 2018 წლის ოქტომბრიდან მისი აღმასრულებელი დირექტორია. 

გიორგი ბაგრატიონი  ასევე უძღვება დირექტორის რანგში საბანკო ასოციაციასთან არსებულ შპს რეესტრი +-ს, რომელიც ბანკებს სთავაზობს ავტორიზებულ მომსახურებებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან მიმართებაში. გიორგი ბაგრატიონი  წლების განმავლობაში იყო გაერთიანებული „კლირინგ ცენტრის“ დირექტორის მრჩეველი.

ფლობს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს  ეკონომიკურ ინფორმატიკაში და მაგისტრის ხარისხს კომპიუტერულ ინჟინერინგში. სხვა და სხვა წლებში გავლილი აქვს მრავალი სასერთიფიკატო კურსი და პროგრამა. 

დავით რუსია - ანალიტიკური დირექტორი

დავით რუსია საბანკო ასოციაციის გუნდს  2018 წლის დეკემბრიდან შეურთდა. დავითი ფლობს 20 წლის გამოცდილებას საბანკო-საფინანსო სფეროში. მან თავისი მოღვაწეობა დაიწყო ს/ს „თბილკომბანკში“. ს/ს „საქართველოს ბანკში“ მსახურობდა გრძელვადიანი საკრედიტო რისკების ანალიტიკოსად და უძრავი ქონების დაფინანსების პროგრამის დანერგვის ჯგუფის უფროსად (1999-2000). 2000-2002 წლებში იყო IFC-ს ქვეკონტრაქტორი კომპანია Shorebank Advisory Services საკრედიტო მრჩეველი უძრავი ქონების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში. 

სხვადასხვა დროს იყოს ს/ს „რესპუბლიკა ბანკის“ საკრედიტო დირექტორის მოადგილე (2002-2005), ს/ს „ქართუ ბანკის“ SME დაკრედიტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2005-2006) და საკრედიტო დირექტორის მოადგილე (2006-2008), ს/ს „ხალიკ ბანკის“ კორპორატიული დაკრედიტების დეპარტამენტის (2008-2010) და საკრედიტო ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2010-2014), ს/ს „კავკასიის განვითარების ბანკი -საქართველოს“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე (2014-2016).

დავითს ასევე აქვს ფინანსურ დირექტორად მუშაობის (ს/ს „გუდვილი“) და რეაბილიტაციის მმართველად (ს/ს „პროგრესი“) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. 2019 წლის მაისიდან არის სსიპ „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი.
 დავითი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბანკო საქმის მაგისტრის ხარისხს. განვლილი წლების განმავლობაში გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი და კურსი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.  

                               

პრეზიდენტი - ალექსანდრე ძნელაძე                                 დირექტორი - გიორგი ბაგრატიონი                                   ანალიტიკური დირექტორი - დავით რუსია