საქართველოს საბანკო ასოციაცია
საქართველოს საბანკო ასოციაცია
საქართველოს საბანკო ასოციაციაუკან
ბანკების ასოციაცია - კრედიტები გაძვირდება, სამომხმარებლო სესხების პორტფელი კი 30%-ით შემცირდება

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, სამომხმარებლო სესხების პორტფელის შემცირებასა და საპროცენტო განაკვეთის ზრდას ვარაუდობს. 
ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, პირველი ნოემბიდან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში სესხები შესაძლოა, გაძვირდეს.

„არ არის გამორიცხული, რომ პირველ ეტაპზე, გარკვეული პერიოდით სესხები გაძვირდეს. რეგულაციების გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ 200 ათას ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იქნება შესაძლებელი. ლარში რესურსის მოზიდვა კი სხვა ვალუტებთან შედარებით ბანკებისთვის თითქმის ორჯერ უფრო ძვირია. თუ აღნიშნული დებულება ამ რედაქციით შევა ძალაში, სამომხმარებლო სესხების პორტფელი 30%-ით, იპოთეკური სესხების კი 3-4%-ით შემცირდება,“-აღნიშნავს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი.

ძნელაძის განცხადებით, საკითხთან დაკავშრებით მუშაობა მიმდინარეობს ეროვნულ ბანკთან, თუმცა მისივე ინფორმაციით, შესაძლო ცვლილებები იქნება „კოსმეტიკური.“
„კოეფიციენტებთან დაკავშირებით გრძელდება მსჯელობა. ამ თვალსაზრისით ეროვნული ბანკი ღიაა. თუმცა ეს იქნება კოსმეტიკური შეცვლა. იმ შემთხვევაში, თუ რეგულაციის არსებული ფორმატით მიღება არ შეჩერდა, იმ მომხმარებლების ნახევარი ან 40%, რომლებსაც აქამდე ქონდათ სესხებთან წვდომა, სესხის აღებას ვეღარ შეძლებენ. აქედან გამომდინარე მეტწილად სამომხმარებლო სესხების პორტფელის შემცირებას ველოდებით,“-აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

როგორც ცნობილია, 2018 წლის 1-ლი ნოემბრიდან კომერციული ბანკებისთვის ძალაში შედის „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულება, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მოამზადა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს მსესხებლის გადახდისუნარიანობის დეტალურად შესწავლის ვალდებულება ექნებათ. ასევე, ამ დებულებით განსაზღვრულია, თუ რა მოცულობის თანხის გადახდა მოუწევთ ყოველთვიურად მსესხებლებს საკუთარი შემოსავლიდან გამომდინარე.