საქართველოს საბანკო ასოციაცია
საქართველოს საბანკო ასოციაცია
საქართველოს საბანკო ასოციაციაუკან
ალექსანდრე ძნელაძე ახალი საბანკო რეგულაციების შესახებ

ახალი საბანკო რეგულაციები ყველაზე მეტად სწრაფ სესხებს და განვადებებს შეეხო. იპოთეკურ სესხებში კი - ახალაშენებულ ბინებს. 2 თვის მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო 4 წელში, სამშენებლო სექტორი პირველად შემცირდა და გაყიდვების შემცირებამ 35%-ს მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ ახალმა რეგულაციებმა სხვადასხვა სექტორის ეკონომიკური ზრდა შეაფერხა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ფიქრობს, რომ რეგულაციების ძირითადი მიმართულება არ უნდა შეიცვალოს. გიორგი ქობულიას თქმით, ქვეყანაში ამოქმედებული ახალი საბანკო რეგულაციები მოსახლეობის, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიანი ფენის დაცვას ემსახურება გაუაზრებელი კრედიტისგან. მინისტრი იმასაც ამბობს, რომ უწყება ამ დრომდე აქტიურ კონსულტაციებს გადის საჯარო და საბანკო სექტორებთან. შესაბამისად, არ გამორიცხავს, რომ საბანკო რეგულაციებში მცირე კორექტირებები შევიდეს, თუმცა, მისივე თქმით, შესაძლებელია ეს უფრო მაღალშემოსავლიან პირებზე გავრცელდეს.

„მაგალითად, იგივე PTI კოეფიციენტები. შესაძლებელია, უფრო მაღალი შემოსავლის პირებზე, კიდევ უფრო შევარბილოთ დღეს უკვე რბილი კოეფიციენტი, ან მაგალითად, უცხოელებზე თუ გვაქვს დაწესებული 40% აუცილებელი შენატანი, ეს დავწიოთ, – განაცხადა Forbes-ს კვირასთან ეკონომიკის მინისტრმა.

როგორ აფასებენ საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან მეოთხე თვეს სპეციალისტები, რა მოლოდინები არსებობს რეგულაციების შერბილების თვალსაზრისით და მოსახლეობის რა კატეგორიაზე (შემოსავლიდან გამომდინარე) გავრცელდება ისინი?

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკს მარტის თვის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, პირველი კვარტლის ანალიზის გარეშე რეგულაციების შერბილებაზე საუბარი ნაადრევია. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ სრულ სურათს, თუ რა შედეგები დადო რეგულაციების ამოქმედებამ და რა გავლენა მოახდინა, 9 თვის შემდეგ (3 კვარტალი) ვნახავთ.

როგორც ძნელაძე განმარტავს, დღეს რეგულაციები სრულფასოვნად არ მუშაობს, რადგან სისტემურმა მოთამაშეებმა შეიძლება უფრო მეტად გაამკაცრეს დაკრედიტება, გარკვეულ პროდუქტებს შეიძლება არც გასცემენ იმ მიზეზის გამო, რომ გარკვეული საკითხების დაზუსტებას ახდენენ. შესაბამისად, 3 თვე ან თუნდაც 6 თვე სრული ანალიზისთვის ძალიან ცოტაა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა იმის ვარაუდი, რომ რეგულაციების შერბილება 9 თვის განმავლობაში, ანუ სექტემბერ-ოქტომბრამდე არ მოხდეს, ძნელაძე განმარტავს, რომ ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულზე საუბარი ნაადრევია.

რაც შეეხება კომერციულ ბანკების წინასწარ პროგნოზს და მოლოდინებს, იმასთან დაკავშირებით თუ რამდენი პროცენტით შეუმცირდებათ შემოსავალი, მოგება ან გაცემული სესხების რაოდენობა, ძნელაძე ამაზეც აცხადებს, რომ მოგებაზე და შემოსავალზე ეს პირდაპირპროპორციულად არ აისახება.

„ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ დაიწყება გარკვეული ოპტიმიზაციები, მათ შორის სარგებლის ოპტიმიზაცია. მოგებაზე ეს მომავალ წელს იმოქმედებს. 2019 წელს საკრედიტო პორტფელი თუ არ გაიზარდა, ეს შედეგს 2020 წელს გამოიღებს. წელს შარშანდელი წლის ზრდის ტემპი იქნება და შეიძლება კიდევ უფრო მეტი მოგება დაფიქსირდეს,“-აღნიშნავს ძნელაძე.

კითხვაზე — სამშენებლო სექტორზე და ტექნიკის ბაზარზე რეგულაციების გავლენა უკვე იგრძნობა, კიდევ რამდენიმე თვიანი ციფრებზე დაკვირვება ხომ არ დაგვაყენებს კატასტროფის წინაშე - ძნელაძე განმარტავს, რომ ეს მოლოდინი რეგულაციების ამოქმედებამდეც იყო.

„სამი თვის განმავლობაში რომ სამშენებლო კომპანიამ საერთოდ ვერ გაყიდოს ბინა, ეს არ არის პირდაპირპროპორციულად იმის წინაპირობა, რომ რეგულაციები სასწრაფოდ შერბილდეს. არ მინდა ისეთი კომენტარი გავაკეთო, რომლის კონტრარგუმენტმა გააბათილოს ეს პოსტულატი. რეგულაციებმა ნამდვილად შეამცირა გარკვეული უძრავი ქონების რეალიზაცია, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს კოლაფსს გამოიწვევს, არ შეიძლება, ამის საფუძველი არ არსებობს,“-აცხადებს ძნელაძე.

კითხვაზე - იზიარებს თუ არა ბანკების ასოციაცია ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებას იმ ნაწილში, რომ რეგულაციების შესაძლო შერბილება მხოლოდ მაღალშემოსავლიან კონტიგენტს შეეხოს, ძნელაძე ამაზე კონკრეტულ პასუხს არ გვცემს და განმარტავს, რეგულაციების გადახედვა არის მზაობის გამოხატვა მთავრობისგან და ეროვნული ბანკისგან. შესაბამისად, ეს უწყებები თუ დაინახავენ საფრთხეს, რეგულაციებს აუცილებლად გადახედავენ.

როგორც ძნელაძე განმარტავს, მსგავსი რეგულაციები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ინერგებოდა, წლიდან წლამდე მუდმივად განიცდიდა ცვლილებებს. იმ მიზეზებზე და მოლოდინებზე კორექტირება ხდებოდა, რა მიზანსაც ემსახურებოდა ეს რეგულაცია და რა მოლოდინებიც იქმნებოდა რეგულაციის შედეგად.

„კომერსანტის“ კითხვაზე, რამდენად გამართლებულია რეგულაციების შესაძლო შერბილება მხოლოდ მაღალშემოსავლიან კატეგორიაზე მოხდეს, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ასეთი ფენა ქვეყანაში უმცირესობაშია, ძნელაძე განმარტავს, რომ ქვეყანაში მაღალშემოსავლიანი ფენა მხოლოდ 40 000-ია და ეს ძალიან მცირეა. მიუხედავად ამისა, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას ამ ეტაპზე არ აქვს იმის საშუალება განაცხადოს, რომ აღნიშნული რეგულაციის კონკრეტული კოსმეტიკური ცვლილება რადიკალურად შეცვლის ან არ შეცვლის მდგომარეობას.

„არ მინდა კონკრეტულად ვთქვა, რომ თუ მარტო მაღალშემოსავლიანებზე შერბილდება რეგულაცია, ეს მკვეთრად გამოასწორებს ან არ გამოასწორებს მდგომარეობას. ასეთი რეგულაციის ერთდროულად, ყველა მიმართულებით ერთ დღეს შერბილება გადაჭარბებული ზომაა. აქედან გამომდინარე, არ მინდა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ დეტალზე კონკრეტული პასუხი გითხრათ. ამან შეიძლება იმდენად დეტალურ განხილვებში გადაგვიყვანოს, რომ დიდი დრო დაგვჭირდეს“-აცხადებს ძნელაძე.