საქართველოს საბანკო ასოციაცია
საქართველოს საბანკო ასოციაცია
საქართველოს საბანკო ასოციაციაუკან
ღია ბანკინგი
ღია ბანკინგი
ღია ბანკინგი

ღია ბანკინგის პროექტი

 

ღია ბანკინგის შესახებ

ღია ბანკინგი არის ფინანსურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უსაფრთხო გზა მასში ჩართული ყველა მხარისათვის.

ტრადიციულად, ფინანსური სერვისების განვითარება მხოლოდ მკაცრად რეგულირებადი ფინანსური ინსტიტუტების (მაგ. კომერციული ბანკების) მოქმედების სფერო იყო - ისინი უხსნიდნენ მომხმარებლებს ანგარიშებს, ფლობდნენ ამ ანგარიშებთან დაკავშირებულ მრავალგვარ ინფორმაციას და თავადვე ავითარებდნენ ანგარიშებთან წვდომის სხვადასხვა ტექნოლოგიურ მეთოდებს, როგორებიცაა: საბანკო პლასტიკური ბარათები, სატელეფონო და SMS მომსახურება, ინტერნეტ-ბანკი, მობილ-ბანკი და სხვა. მეტიც, ფინანსურ ინსტიტუტებს შორის კონკურენცია ეტაპობრივად გადაიზარდა ტექნოლოგიურ კონკურენციაში. ამავდროულად, ინფორმაციული ტექნოლოგიების მძლავრმა განვითარებამ და მათზე ხელმისაწვდომობის ზრდამ მოიტანა ის, რომ ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობა გაუჩნდათ სხვა მხარეებსაც, თუმცა მათ ხელი არ მიუწვდებოდათ მომხმარებლების ფინანსებზე და ფინანსურ ინფორმაციაზე. შესაბამისად, მსგავსი ტექნოლოგიების განვითარება მნიშვნელოვნად ფერხდებოდა.

ღია ბანკინგის ინიციატივა მიზნად ისახავს შექმნას საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც წაახალისებს მაღალტექნოლოგიური ფინანსური სერვისების შექმნას და ამავდროულად კვლავინდებურად უზრუნველყოფს მომხმარებლების ფინანსებისა და ფინანსური ინფორმაციის დაცულობას. ღია ბანკინგის მიდგომით, მომხმარებელს ფინანსური სერვისები მიეწოდება არა ერთი, არამედ უკვე ორი მხარის ჩართულობით:

 

  • პირველი მხარე, ე.წ. ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მომხმარებლებს უხსნის ანგარიშებს და ეწევა ამ ანგარიშების მომსახურებას. იგი კვლავინდებურად ექვემდებარება მკაცრ რეგულირებას და უზრუნველყოფს მომხმარებლის ფინანსებისა და ფინანსური ინფორმაციის დაცულობას
  • მეორე მხარე, ე.წ. მესამე მხარის პროვაიდერი, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მისწვდეს საკუთარ ანგარიშებს, რომელიც ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერთანაა გახსნილი.

 

ღია ბანკინგის ინიციატივა მიზნად ისახავს, დააწესოს შედარებით მსუბუქი რეგულაციები მესამე მხარის პროვაიდერებისათვის, რათა მათ მთელი ძალისხმევა დახარჯონ ახალი, მოქნილი და მომხმარებლის ინტერესებზე უფრო მეტად მორგებული ფინანსური სერვისების შესაქმნელად. მეორე მხრივ, ბანკებსა და ანგარიშის მომსახურე სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს საშუალება ექნებათ, საკუთარი ძალისხმევა მიმართონ სესხების, დეპოზიტების და სხვა ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, ანუ იმ სფეროში, სადაც მათ გააჩნიათ აღიარებული კომპეტენცია.

ღია ბანკინგი საქართველოში

საქართველოში ღია ბანკინგის განვითარება მიმდინარეობს ე.წ. მარეგულირებელი მიდგომით - საქართველოს კანონმდებლობაში უკვე განხორციელებული და მომავალში განსახორციელებელი ცვლილებებიდან გამომდინარე, კომერციულ ბანკებს დაევალებათ, გარკვეული ინფორმაცია გახადონ ხელმისაწვდომი მესამე მხარის პროვაიდერებისათვის. კომერციული ბანკების წარმომადგენელთა მონაწილეობით შექმნილია ღია ბანკინგის კომიტეტი - სამუშაო ჯგუფი, რომელიც წარმართავს ღია ბანკინგის დანერგვის პროცესს. ღია ბანკინგის ღია ბანკინგისათვის საქართველოს ეროვნული სტანდარტის შემუშავებისა და ქვეყანაში ამ სტანდარტის პრაქტიკული დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საბანკო ასოციაციაში მიმდინარეობს ღია ბანკინგის პროექტი. საქართველოს ღია ბანკინგის სტანდარტიზაციის პროცესი ეყრდნობა ბერლინის ჯგუფის სტანდარტებს ( https://www.berlin-group.org/psd2-access-to-bank-accounts ), საქართველოს ფინანსური სექტორის სპეციფიკისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

საქართველოს ღია ბანკინგის სტანდარტი

საქართველოს ღია ბანკინგის სტანდარტის მოქმედი ვერსია (0.6) შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ PDF და Microsoft Word ფორმატში ღია ბანკინგის სტანდარტის წინა ვერსიები ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და წინადადებები ღია ბანკინგის სტანდარტთან დაკავშირებით გამოგვიგზავნოთ საქართველოს საბანკო ასოციაციაში, ელფოსტის მისამართზე obstandards@association.ge

 

საქართველოს ღია ბანკინგის სტანდარტის მოქმედი ვერსია (0.6)